"და მაინც ბრუნავს!"

თუ შემოდგომა წელიწადის დროთა დაისია, ბუნების ძილად მისვლის წინ, თვით დაისი შემოდგომაა ყოველი დღის; იმ დღის რომელიც ისე უნდა იცხოვრო თითქოს ის უკანასკნელიაო - გვარიგებენ ფილოსოფოსნი. ფილოსოფოსები რის ფილოსოფოსები არიან თუ არ "იფილოსოფოსეს", მაგრამ ზარმაცი კაცისთვის (განა სხვანაირიც არსებობს კაცი?) არაფერია უფრო შემოდგომისებური და სევდიანი ვიდრე კვირა საღამო. მომავალი სამუშაო კვირის სიმძიმე შეუბრალებლად მოცოცავს საათის ციფერბლატზე და ყოველი განვლილი წუთი დაუნდობლად გვაშორებს ღვთის (და "პროფკავშირების") მიერ მომჭირნედ ბოძებულ ორ უდარდელ დღეს.

აივანზე, სავარძელში გადაწოლილი ლუკა"უიკენდის" ბოლო საათებით ტკბებოდა. ჯერ ნაშუადღევის 4 საათიც არ იყო, მაგრამ უკვე ნახევრად მთვრალი, შუაზე დაყვანილ "პატრონ ანეხოს" ბოთლში ჩარჩენილ ტეკილას უმზერდა მელანქოლიური გულგრილობით და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა. ლილი გუშინ გააცილა რომში, კარლოსი და მარტინი გოლფის სათამაშოდ იყვნენ წასული მერილენდში, სხვა მეგობრებიც: ზოგი ოჯახთან და ნათესავებთან ცდილობდა გაზაფხულის პირველი თბილი დღის გატარებას, ზოგი უკვე მომავალი მძიმე კვირისთვის ემზადებოდა. პრინციპში ლუკასთვის სულ ერთი იყო ვინ როგორ ფლანგავდა უქმე დღის ძვირფას საათებს. თავად იგი უზომოდ ბედნიერი იყო, რომ გარშემო არავინ იყო და შეეძლო წყნარად დაესვენა სიმარტოვეში.

ადამიანი რთული ცხოველია. ყველაფერს ეჩვევა, ყველაფერს ინელებს და საბოლოო ჯამში ყოველთვის უნდა ის რაც არ გააჩნია. დიდი მეტროპოლისების მაცხოვრებელნი მუდამ პატარა, ზღვისპირა ქალაქების სიწყნარეზე ოცნებობენ; პროვინციელი "პატარაქალაქელები" კი უწყვეტ ნაკადად მიედინებიან დიდ ქალაქებში, ბედის საძიებლად. საბედნიეროდ ლუკას, იმ მომენტში, აბსოლუტურად ცალ ფეხზე ეკიდა ერთიც და მეორეც. უდარდელად იყო წამოწოლილი არლინგტონის ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის აივანზე, პოტომაკზე გაშენებული ქალაქის ხედით ტკბებოდა და მთელი გულით ლოცავდა იმათ ვინც ვაშინგტონში მაღალი შენობების აშენება აკრძალა, რამდენიმე საუკუნით ადრე.

ვაშინგტონი საოცარი ქალაქია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედაქალაქია და ახერხებს უამრავი გაიძვერას, ასობით მაღალი რანგის პოლიტიკოსის, ათი იმდენი ამბიციური ადვოკატის და ლობისტის, ანუ როგორც უკვე აღვნიშნეთ - უამრავი სხვა და სხვა ჯურის გაიძვერას დატევას; არც მხოლოდ იმიტომ, რომ აქ მსოფლიოში უდიდესი სამუზეომო კომპლექსია; ან იმიტომ, რომ მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებია, სადაც მთელი მსოფლიოდან შეკრებილი ინტრიგანები და გაიძვერები იყრიან თავს; არც იმიტომ, რომ ვაშინგტონში რამდენიმე ძველი, სახელგანთქმული უნივერსიტეტია, სადაც მომავალი გაიძვერები იწრთობიან, არამედ იმიტომაც, რომ ვაშინგტონი ოქროს შუალედია მეგაპოლისებსა და პროვინციულ პატარა ქალაქებს შორის.

უშუალოდ ვაშინგტონის მოსახლეობა ნახევარი მილიონიც არაა. გარეუბნებიანად, რომლებიც ვირჯინიასა და მერილენდში იჭრება, და რომელთა მოსახლეობის უმეტესობა, დღის მანძილზე ვაშინგტონში მოდის სამუშაოდ, საშუალოდ მილიონნახევრამდე ადის - ბევრად პატარაა დიდ ამერიკულ ქალაქებზე. სამაგიეროდ, ვაშინგტონიდან ერთი ხელის გადაწვდენაა ნიუ-იორკამდე, მსოფლიოს ნომერ პირველ მეგაპოლისამდე. ნებისმიერ ვაშინგტონელს შეუძლია პარასკევს საღამოს ჩქაროსნულ მატარებელში "ჩახტეს" და სულ რაღაც ორ საათში ნიუ-იორკში აღმოჩნდეს; ან მანქანით, იგივე დროში მერილენდის და დელავერის ოკეანის სანაპიროებს ესტუმროს, ქვიშიან პლიაჟზე წამოგორდეს მზის სხივებში განაბული. სიმწვანეში ჩაფლული ვირჯინიის მყუდრო ბუნებით დასატკბობად კი - ამდენი დროც არ დასჭირდება.

"მოკლედ, სამოთხეა რა, და ალბათ ამიტომაც იყრის თავს ერთად ამდენი გაიძვერა, ამ ერთი ბეწო ქალაქში..." - გაიფიქრა ლუკამ და მიხვდა: უკვე ისეთ "ფილოსოფიურ სიმაღლეებს" უახლოვდებოდა, რომ ალკოჰოლი აშკარად ზედმეტი მოუვიდა. ლუკამ ადგილი მოინაცვლა, მაგიდაზე მიგდებულ "მარლბორო ლაითს" გადაწვდა, მოუკიდა და ჰორიზონტზე ჩამავალ მზეს გახედა...

სვე-უბედური ჯორდანო ბრუნო ინკვიზიტორებმა სიმართლისთვის (თუ სიჯიუტისთვის?) ცეცხლზე დაწვეს. "და მაინც ბრუნავსო" გაიძახდა შეუპოვარი მეცნიერი, ალმოდებულ ძელზე თოკებით მიბმული. დაწვეს ბრუნო, მაგრამ დედამიწის ბრუნვა კი ვერ შეაჩერეს და როცა ინტრიგანებით სავსე ვაშინგტონში მზე ჰორიზონტს ეფარებოდა, ვაშინგტონიდან ძალიან შორს, ამ მუდამ მბრუნავი დედამიწის წყალობით, პატარა ქალაქ თბილისში, იგივე მზე, ამოსასვლელად ემზადებოდა.