უბრალოდ
თბილისში, გაზაფხულის მოახლოებას ყველაზე ადრე სურნელით იგრძნობთ. სამ-ოთხ თვიანი განუწყვეტელი წვიმა-ტალახის, ალაგ-ალაგ თოვლის და ბოროტი მეეზოვესავით მუდამ მოღრუბლული ცის შემდეგ, ერთ დღესაც ფანჯარას გამოაღებ და ისე შემოგეფეთება ეს განუმეორებელი სურნელი, რომ მყისვე თავბრუს დაგახვევს, უნებურად ღიმილად გადაგაქცევს, ძარღვებში სისხლს აგიდუღებს, სიცოცხლის წყურვილით აგიწვავს გამშრალ ყელს.
ეკამ დროზე ადრე გაიზაფხულა. სახლიდან ისე გამოვარდა, რომ თხელ ქურთუკზე უფრო თბილი რამის მოსხმა არც უფიქრია. ახლა ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდა ჭავჭავაძის გამზირს და სიცივისგან მობუზული, ჯიბეში უდარდელად ჩაგდებულ მობილურს მექანიკურად ჩაბღაუჭებოდა გაყინული თითებით. მრგვალი ბაღის ასახვევთან მეზობლის გოგოს შეეფეთა - წამიერი ღიმილით მიესალმა ფიქრებში ჩაფლული. უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან-ღა გაიხსენა მეზობლის სახელი: სოფო, სოფო ნებიერიძე.
ყოფილი უნივერსიტეტელებისთვის ("მაღლიველების" გამოკლებით) ძნელია ჭავჭავაძეზე ისე გავლა, რომ მისმა ყოველმა კუთხემ მოგონებებში არ ჩაგძიროს. აი აქ, სადაც ახლა ჯეოსელის ოფისია, ადრე კაფე "ექსესი" იყო: უამრავი რომანტიული პაემნის, ჯგუფელებთან გატარებული "შატალოების" და მეგობრებთან "ცივ ყავაზე" სიგარეტის მოსაწევი საყვარელი ადგილი. აქ გაიცნო ისიც...
ეკა დაქალებთან ერთად, ფანჯრის მაგიდასთან იჯდა და ცივ მარტინის წრუპავდა, თან ნათკას რატრატს უსმენდა ვიღაც ახალგაცნობილ ვახოზე. ამ დროს კუთხის მაგიდის სიბნელიდან, მაღალი, სიმპატიური ბიჭი წამოდგა ბარისკენ წავიდა ანგარიშის გადასახდელად. უკან რომ ბრუნდებოდა ეკას და ლუკას თვალები ერთმანეთს შეეფეთნენ. ლუკამ ნაზად გაუღიმა. არც არაფერი უთქვამს, არც მისულა - უბრალოდ გაუღიმა.
ორი დღის მერე დაურეკა. საიდან გაიგო ტელეფონი, არავინ იცის. არც ის უთქვამს ვინ იყო, ან რა უნდოდა. უბრალოდ დარეკა. ეკაც უბრალოდ მიხვდა მაშინვე ვინ იყო და უბრალოდ დათანხმდა შეხვედრაზე. მათ ურთიერთობაში საერთოდ ყველაფერი უბრალოდ და თითქოს თავისთავად ხდებოდა. პირველი "მიყვარხარც" ისე უბრალოდ და მოულოდნელად უთხრა, ეკა კარგა ხანს ვერ მიხვდა, მეგობრულად უთხრა თუ სიყვარული აუხსნა. ვერ მიხვდა და ამიტომ თვითონაც არაფერი უთქვამს. ორი თვის მანძილზე არ უთქვამს ეკას "მიყვარხარ". ყოველ დღე, ყოველ წამს, ყველა გამოხედვაში სახეზე ეწერა. ექსესში პირველივე შეხვედრისასვე იცოდა, მაგრამ არ უთქვამს - ვერ მოასწრო.
ისე წავიდა კანადაში, კოცნა არც უცდია. ერთად დადიოდნენ, ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ კოცნა არ უცდია. დაჰყვებოდა აჩრდილივით, ლოცულობდა ეკაზე როგორც ღვთისმშობელზე, აღმერთებდა, სიურპრიზებს უწყობდა და ერთ დღესაც "მივდივარო" გამოუცხადა. არ აუხსნია რატომ, რისთვის, არც ის დაუბარებია როდის ჩამოვიდოდა, ან ეკას რა უნდა ექნა. უბრალოდ "მივდივარ", მოკლედ და სევდიანი თვალებით. უბრალოდ, ისევე როგორც ყველაფერი - უბრალოდ წავიდა.
მესიჯები ყოველ დღე მოდიოდა. ერთ-მეორეზე სულელური:
"სადღაც თბილისიდან ძალიან შორს, ერთ პატარა ბინაში, ერთ პატარა ბიჭს, ერთი პატარა გოგო ენატრება, ძალიან, ძალიან დიდი სიყვარულით".
"მიატოვეს პატარა ინსომნიაკი ბიჭი. დაივიწყეს და მიაგდეს, სლუპ, სლუპ".
"რო გაიღვიძებ დამიმესიჯე რა. ვერ ვიძინებ უშენოდ" - ამას ლამის ყოველ ღამე უგზავნიდა, აღვიძებდა შუა ღამით მოსული მესიჯი და ჭკუიდან გადაყავდა ეკა.
"ეკაააა. "სექს ენდ ზე სიტის" ბოლო სერიას ვუყურებ. ყველა ყველას სიყვარულს უხსნის, გავსკდი ტირილით. ახლა ჩემი მიტოვება იქნებოდა?" - არც ასეთ მესიჯებს იშურებდა.
მესიჯები, მესიჯები. ვის უნდა ეს უაზრო მესიჯები? "ჩამოეთრიე, არაადამიანო და გამაგებინე რა გინდა" - უნდოდა ეკივლა ეკას, მაგრამ არ შეეძლო. მეტისმეტად თავმოყვარე იყო, მეტისმეტად დამოუკიდებელი და ვერავის, ლუკასაც კი ვერ დაანახებდა თავის შიშველ ემოციებს. "ლუკასაც? როდის მერე გახდა ეს ბიჭი "ც"? რა უნდა? რას გადამეკიდა?" - გაიფიქრა გაბრაზებულმა და მერე თავად გაეღიმა საკუთარ "სიბრაზეზე".
მელიქიშვილის აღმართზე წვიმამ მოუსწრო, წამით გამოფხიზლდა ფიქრებისგან. ცას ახედა, სახლში დარჩენილი ქოლგა ინატრა, გაბრაზებულმა კოპები შეკრა და ის იყო ტაქსი უნდა გაეჩერებინა, რომ უცებ მობილური ისევ აზუზუნდა. "ჟიზნ მოია ჟესწიანკა" მოკლედ, მაგრამ მრავლისმთქმელად ღაღადებდა ლუკას მორიგი მესიჯი. "იდიოტი" - გაიფიქრა ეკამ და გაეღიმა, "ჩემი იდიოტი" დაამატა სიყვარულით.
... მელიქიშვილის ჩავლა ვერც მოასწრო, რომ კედელზე აყუდებული, გალუმპული ლუკა დაინახა. ჩამოსულა და არც უთქვამს. აი ასე იდგა, "უბრალოდ" და ელოდებოდა.
"იდიოტი. ჩემი იდიოტი..."




