გაელვება
კარგ ამინდში ბალტიმორიდან დისიმდე გზას ერთ საათზე მეტი არ სჭირდება. "ისეთი ნისლია, არც კი ჩანს როგორი ამინდია", გაიფიქრა ლუკამ და საკუთარ "ნათქვამზე" გაეღიმა. ღამის სამ საათზე, უკაცრიელ I95-ზე უმოწყალოდ თოვდა. მანქანის მბჟუტავი ფარები ძლივს ანათებდნენ გაუკვალავ გზატკეცილს. ლუკას დაღლილობისგან თვალები ეხუჭებოდა, მონოტონური გზით გაბრუებულს უკვე რამდენჯერმე ჩასთვლიმა. ცოტა ხნის წინ, არსაიდან გამომტყვრალმა ტრაილერმა კინაღამ გადაუარა, "სად ვკვდებიო" ამის გაფიქრება-ღა მოასწრო, შესაშინებლად დროც არ დარჩა.
ცოტა აზრზე რომ მოვიდა, გიოს რჩევა გაახსენდა: თუ საჭეზე გეძინება სუფთა ჰაერი შემოუშვი მანქანაშიო. ღუმლის მიერ ძლივს გამთბარ სიმყუდროვეს შეელია და ლუკი ასწია, ფანჯრები ოდნავ დაუშვა. სუსხიანმა ჰაერმა ოდნავ გამოაფხიზლა. საათს გახედა: დისიმდე კიდევ 45 წუთი უნდა ეარა, ქუთუთოები კი შეუბრალებლად ეწეპებოდნენ ერთმანეთს. "ღმერთო, გამაძლებინე. ღმერთო, ნუ მომკლავ ამ ყველასგან მივიწყებულ, გაყინულ გზაზე..." გაიფიქრა შეშინებულმა და გულზე ჩამოკიდებულ ნათლობის ჯვარი მოისინჯა.
... წინა დღეს ლუკა მეგობარს ხვდებოდა იუნიონ სტეიშენზე. პარასკევი იყო, სამსახურიდან ადრე გამოვიდა. კარლოსს "დაუმესიჯა": სადგურზე დაგხვდები, სადმე გავიდეთ, დავლიოთო. ის იყო ბარს მიუჯდა და ლუდი შეუკვეთა, რომ კარლოსმაც გადმოურეკა: "გადაუდებელი საქმე გამოჩნდა. დღეს ვერ ვბრუნდები ნიუ-იორკიდან. აქამდე ვერ დაგირეკე - რა სჭირს შენს მობილურს?" მეგობარი დაამშვიდა - ეგ არაფერიო, მაგრამ ზარი გათიშა თუ არა მწარედ შეიგინა რუსულად (ქართულად გინება ეხამუშებოდა ამერიკაში). სამსახურიდან ისე გამოვარდა, მოხსენების დამთავრებაც ვერ მოასწრო, ახლა კი უაზროდ იჯდა იუნიონ სტეიშენის უღიმღამო ბართან და წყალწყალა ლუდს ელოდებოდა.
გინება დასრულებული არც ჰქონდა, რომ მკლავზე ვიღაცამ მოქაჩა. თავზე მაღალი, ლამაზი, ოდნავ მთვრალი ქალი დასდგომოდა. 30 წელზე მეტის არ იქნებოდა, კარგად ჩაცმული და ძალიან სიმპათიური. აშკარად არ ჯდებოდა რკინიგზის სადგურის იაფფასიანი ბარის ინტერიერში. "Вы русский?" - პირველმა ხმა უცნობმა ამოიღო. ჩაცმულობაზე, აქცენტზე, ყველაფერზე ეტყობოდა - რუსი არ იყო. "რა ჯანდაბა უნდა?" გაიფიქრა ლუკამ, მაგრამ ლამაზ ქალებს ამას ხმამაღლა არ ეკითხებიან, მით უმეტეს ბარში, ამიტომ სანდომიანად გაუღიმა და სკამი გამოუწია. ქალი მოურიდებლად დაეფერთხა სკამზე, კოქტეილი შეუკვეთა და მოაღო პირი...
ამერიკელ ქალებს რა-რა და ლაპარაკის კომპლექსი ნამდვილად არ აქვთ. სულ რაღაც 15 წუთში, ისე რომ საერთოდ არ უკითხავს, ლუკამ გაიგო რომ ელენა (ასე ერქვა მანდილოსანს) ჯორჯ ვაშინგტონში სწავლობს რუსული ლიტერატურის ფაკულტეტზე, სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობს, არის სიეტლიდან, ცხოვრობს ბალტიმორში, კვირაში სამჯერ მატარებლით დადის ლექციებზე. ბალტიმორზე არ გიჟდება და ერთი სული აქვს მშობლიურ სიეტლში დაბრუნდეს. აი, ახლა დოსტოევსკიზე ინტელექტუალური საუბარი-ღა მაკლიაო, გაიფიქრა დაბოღმილმა ლუკამ და კეპტენ მორგანი შეუკვეთა კოუკით.
ოდნავ მთვრალი, ლამაზი ქალი ენას არ აჩერებდა, არც ლაპარაკით იღლებოდა. ალკოჰოლი ნელ-ნელა იხსნებოდა ორგანიზმში. პარასკევი საღამო მაინც ჩაშლილი იყო, ლუკას აღარსად ეჩქარებოდა. იჯდა და უშფოთველად აგემოვნებდა ერთ ალაოიან, შოტლანდიურ ვისკის. ბოლოს ორივენი წამოდგნენ. ლუკამ უსაზღვრო ჯენტლმენობა გამოიჩინა, "საქმე მაინც არაფერი მაქვს, სად უნდა იჩაქჩაქო მატარებლით, გაგიყვან მანქანით ბალტიმორამდეო" - მრგვალი მაგიდის ნამდვილი რაინდივით შესთავაზა ელენას. რაინდი შეიძლება ამ კონტექსტში ირონიულად ჟღერს, მაგრამ მინდა ცინიკოსი მკითხველი დავარწმუნო, რომ ელენას შიშველი სხეულის ხილვა ლუკას აზრების მთავარი მოტივი ნამდვილად არ იყო იმ მომენტში.
I95-ე გზატკეცილზე პიკის საათიდან შემორჩენილი საცობები კიდევ ვერ გაეწმინდათ და ბალტიმორამდე ჩასვლას 2 საათზე მეტს მოუნდნენ. ამასობაში მოშივდათ. ელენამ, რუსული რესტორანი ვიცი, მგონი ქართული კერძებიც უნდა ჰქონდეთ და წავიდეტ ვჭამოთო. ლუკასაც აღარ გაუპროტესტებია. "ქართული კერძები" ცივი და განაცხელები ხაჭაპურით შემოიფარგლებოდა, ასე რომ ისევ ხიზილალიან ბლინებს დასჯერდნენ. რესტორანიდან იქვე კლუბში შეიარეს, მერე მეორეში, მესამეში... ამასობაში სათვალავიც აერიათ. დილის ორ საათს გადაცილებული იყო სახლში რომ მიაცილა ელენა.
ელენას სახლში თურმე ქმარი ელოდებოდა! შეპატიჟება მყისვე გამოირიცხა. იქ მანქანაში რა მოხდა, ეგ უკვე დეტალია, მაგრამ მერე ღამის სამ საათზე, უკაცრიელ ჯონს ჰოპკინსთან ხეტიალი შეიძლება მანქანის და სიცოცხლის დაკარგვის ფასად დასჯდომოდა ლუკას. საბედნიეროდ, ისე თოვდა, ადგილობრივ ნარკო-ყაჩაღებსაც დაზარებოდათ ქუჩაში გამოსვლა. ღამეულმა გასეირნებამ ფათერაკების გარეშე ჩაიარა. ყოველ შემთხვევაში - სანამ გზატკეცილზე გამოვიდოდა...
ლუკა მანქანის გამაყრუებელმა საყვირმა გამოაღვიძა. ისევ ჩაეთვლიმა და მოსახვევში ბორდიურთან შესკდომას შემხვედრმა მანქანამ გადაარჩინა. ლუკამ ტუჩზე მწარედ იკბინა, ცოტა გამოფხიზლდა. რადიოს არხი შეცვალა, ენპიარზე გადაცემები დასრულებულიყო და ჯაზური მუსიკა სიფხიზლეს ნამდვილად ვერ შველოდა. ას ერთსა და ერთზე დიჯეიმ განზების ძველი სიმღერები შეიყვანა და ლუკას ახალგაზრდობის მოგონებები აუშალა.
... ბორჯომიდან ბაკურიანში ასასვლელი გზა კომუნისტების დროსაც კი ყოველთვის უხეირო იყო. ძნელი სათქმელია, ასეთი რა სჭირდა ამ გზას, მაგრამ ვერც ერთმა მთავრობამ ერთ ზამთარზე მეტი ვერ გააძლებინა. კაპიტალურად ბოლოს გუმბარიძის დროს გაარემონტეს, მაგრამ 92-ში საქართველოს უკვე შევარდნაძე-იოსელიანის "სახელმწიფო საბჭო" მართავდა და ბაკურიანის გზაც, სხვა ბევრ რამესთან ერთად, დანგრეული იყო. ლუკამ მეგობრის "ვილისი" ითხოვა და გაუკვალავ, თოვლში ჩაფლულ გზაზე 35 წუთში ისე გიჟურად ავარდა, ერთი ათჯერ მაინც ბეწვზე გადაურჩა ხევში გადაჩეხვას. "მაშინ საჭეზე არ მეძინებოდა" - ღიმილით გაიფიქრა ლუკამ. იმ დროს 16 წლის გიჟი ბავშვი იყო და გული ანუკასთან მიაქანებდა. ანუკა, რა თქმა უნდა, ის იყო, ვისთანაც მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა გაეტარებინა, სულ ცოტა 5 შვილი ჰყოლოდა და "მერე მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებით..." ყოფილიყო.
....
I95-ზე დიდი სისწრაფით მიმავალი სასწრაფო მანქანის მძღოლს დანა პირს არ უხსნიდა. ბედი არ გინდა, ამ თოვლში და უბედურებაში გამოგიძახონ? არა, მაინც რომელმა იდიოტმა მოახერხა დილის 4 საათზე გზატკეცილზე გადაჩეხვა? დაეტიე რა სახლში...
....
საავადმყოფოშჲ პირველი ზარი ანუკასგან მიიღო. კვირას მოფრინავდა. არც უკითხავს საიდან გაიგო ავარიის ამბავი, ან ნომერი ან ბილეთი ასე უცებ როგორ იშოვა. ამ კითხვებს, და მათზე პასუხებს უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო რომ მოფრინავდა, კვირას.
2006 წელი. ბალტიმორი - ვაშინგტონ დისი. 95-ე გზატკეცილი.




