Night (Georgian)
დერეფანში დავიკარგე? არა, აქ რა დამკარგავს მაგრამ გასასვლელსაც რომ ვერ ვპოულობ? ეს ხალხი კიდევ ხმას რატომ არ მცემს? უჰ, ფეხი! ქვემოთ ვიხედები: ჯანდაბა, იატაკის მაგივრად შავი სიცარიელია. ჰა, აბა, ასეთები არ გვინდა! წინ - ისევ ის დერეფანია, მაგრამ ხალხი რაღაც გადღაბნილია? უკნიდან მონიკას ხმა მესმის. არა, უკნიდან კი არა - თავში, ყრუდ. დიჯიზე მეკითხება რაღაცას. აქ რა უნდა? მოვტრიალდი.... გიო? მოიცა, გიო თბილისში არ იყო?
უცებ მთელ ტანში უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. ნაცნობი გრძნობაა, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს - მძინავს. კარგა ხანია ვიცნობ ამ გრძნობას და არ შემეშლება.
საშინელი გრძნობაა როცა ძილში ხვდები რომ გძინავს. ამ დროს ხვდები - ორ სამყაროს შორის უმწეოდ ჰკიდიხარ და გინდა სასწრაფოდ გაიღვიძო. ჰმ, სათქმელად ადვილია - გაიღვიძო! ჯერ ყველა კუნთს ძაბავ... ანუ, გგონია რომ ძაბავ. მერე ცდილობ თვალი გაახილო - თვალი რომელსაც საერთოდ ვერ გრძნობ, მერე ცდილობ ხელი აამოძრავო - ხელი რომელიც არ გემორჩილება. ბოლოს წევხარ ასე დაძაბული და - ელოდები. ელოდები, და ეს საზიზღარი ფიქრი არ გასვენებს - ვაიდა ვერა?...
საწოლიდან წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი - რაღა დამაძინებს.
ჩემი ფანჯრიდან "ხედი" წარმოადგენს ერთ ვიწრო ქუჩას და უშნო, მაღალ სახლს ქუჩის გადაღმა. სახლი ისე ახლოს დგას - ბინადრებს "ჟალუზები" მუდამ ჩამოფარებული აქვთ. სახლის არქიტექტორმა (თუ დიზაინერმა?) კედლები თეთრი გააკეთა, გრძელი ფანჯრები კი - მუქი. ჰოდა, დგას ეს სახლი ასე ზებრასავით დაზოლილი. ღამე ზოგ ფანჯარაში შუქი ანთია - ეგაა და ეგ.
თბილისში, ჩემი ფანჯრიდან მთელი ქალაქი ჩანდა. გამოვაღებდი ფანჯარას, მოვუკიდებდი სიგარეტს და ვუყურებდი ღამის ქალაქს. საოცრად მამშვიდებს. გრილი ნიავი სახეს გიგრილებს, დგახარ ჩასცქერი ნაწვიმარ დაღმართს და ფიქრობ, დიდხანს.... არც არაფერზე.
აქ ფანჯარა არ იღება. სრიალებს დაბლა-მაღლა, და ვერც რაფაზე დაყრდნობილი ჩახედავ ქუჩაში კანტი-კუნტად გამავალ მანქანებს - მოსკიტების ბადეა აკრული რომლის მოხსნაც გასახლებით ისჯება. თუმცა რა აზრი აქვს... მე ხომ აღარც ვეწევი...
