Look up, Hanna (Georgian Translation).

Original: Charlie Chaplin's speech from the final scene of the movie The Great Dictator
Translation: Irakli Nadareishvili © July, 2007.
See license agreement for reproduction rights.

მაღლა აიხედე, ჰანა!

მაპატიეთ, მაგრამ არ მინდა იმპერატორობა. არაა ეს საჩემო საქმე. არანაირი სურვილი არ მაქვს ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა ყველას დავეხმარო რამდენადაც შემიძლია, მიუხედავად იმისა ქრისტეანია, ებრაელი, თეთრი თუ შავკანიანი. ჩვენ შინაგანად ყველას გვინდა ერთმანეთს გვერდში ამოვუდგეთ - ადამიანის ბუნებაა ასეთი. ჩვენ უნდა გვსურდეს ერთმანეთის ბედნიერებით ვცოცხლობდეთ და არა ერთმანეთის უბედურებით. სხვისი სიძულვილი არ უნდა გვამოძრავებდეს, ამ ქვეყნად ყველასთვის მოიძებნება ადგილი. ეს მადლიანი მიწა მდიდარია და ყველას გვეყოფა. ცხოვრების გზა თავისუფალი და მშვენიერია, ჩვენ ავცდით ამ გზას.

სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, სამყარო სიძულვილით ჩახერგა. სიხარბემ უბედურების და სისხლის მორევში ჩაგვითრია. ჩვენ ავაჩქარეთ სამყარო, მაგრამ შედეგად მხოლოდ საკუთარ თავებში ჩავიკეტეთ. დოვლათის მომტანმა მანქანებმა გამოგვფიტეს, ცოდნამ ცინიკოსებად გვაქცია, გონიერებამ შეუბრალებელნი გაგვხადა. ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ და ძალიან ცოტას ვგრძნობთ. მანქანებზე უფრო ადამიანობა გვჭირდება. გონიერებაზე უფრო სიკეთე და ურთიერთგაგება გვესაჭიროება. ამ თვისებების გარეშე სიცოცხლე ძალადობად იქცევა და ყველაფერს აზრი დაეკარგება. ჩვენი დროის უდიდესმა გამოგონებებმა - თვითმფრინავმა და რადიომ, მანძილები გააქრო, არნახულად დაგვაახლოვა, ამ გამოგონებათა არსი ადამიანურ სიკეთეშია, საყოველთაო ძმობასა და ერთიანობაში.

ახლაც, ჩემი ხმა მილიონობით ადამიანს სწვდება მსოფლიოში, მილიონობით სასოწარკვეთილ კაცს, ქალს და ბავშვს. მილიონობით მსხვერპლს ბოროტი სისტემისა. სისტემის, რომელიც აიძულებს ადამიანებს აწამონ და დაატყვევონ უდანაშაულო ხალხი. მათ ვინც მე მისმენთ, მოგმართავთ და გეუბნებით: "ნუ მიეცემით სასოწარკვეთას". უბედურება რომლის გადატანაც გვიწევს დროებითია, გამოძახილია იმ ადამიანთა სიხარბისა და სისასტიკისა რომელთაც ეშინიათ კაცობრიობის პროგრესის. ადამიანთა სიძულვილი წარმავალია, დიქტატორები კვდებიან და ძალაუფლება რომელიც მათ ხალხს წაართვეს ისევ ხალხს დაუბრუნდება. ადამიანი მოკვდავია, თავისუფლება - უკვდავი.

ჯარისკაცნო! ნუ მიეყიდებით უსულო ცხოველებს რომელთაც ეზიზღებით და მონებად გაქცევენ, რომლებიც გმართავენ, გეუბნებიან რა ქნათ, რა იფიქროთ და რა იგრძნოთ! ნუ იქნებით მათთან ვინც ცხვრების ფარასავით გექცევათ და საზარბაზნე ხორცად გიყენებთ! ნუ მიეცემით ამ ადამიანობადაკარგულ ქმნილებებს - მანქანებს მანქანური გონებით და მანქანური გულებით! თქვენ არ ხართ მანქანები! თქვენ არ ხართ ცხვრების ფარა! თქვენ ადამიანები ხართ! თქვენს გულებში კაცობრიობის სიყვარული ბუდობს! თქვენ არ გძულთ! სიძულვილი მათი საქმეა ვინც არავის უყვარს, ვინც არავის უყვარს და ვისაც ადამიანობა დაუკარგავს.

ჯარისკაცნო! ნუ იბრძვით სხვათა დასამონებლად! იბრძოლეთ თავისუფლებისთვის! ლუკას სახარების მეჩვიდმეტე თავში სწერია: "აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს." არა ერთი კონკრეტული ადამიანის, არა ადამიანთა ჯგუფის, არამედ ყველა ადამიანთა შორის! თქვენ, ხალხს გაგაჩნიათ ძალა შექმნათ მანქანები, შესაძლებლობა იყოთ ბედნიერნი. თქვენ, ადამიანებს, გაქვთ ძალა გახადოთ ეს სამყარო თავისუფალი და ლამაზი, აქციოთ ცხოვრება თვალწარმტაც თავგადასავლად. მოგიწოდებთ დემოკრატიის სახელით, გამოვიყენოთ ეს ძალა!

გავერთიანდეთ, ვიბრძოლოთ ახალი სამყაროსთვის, სამართლიანი სამყაროსთვის სადაც ადამიანს საშუალება ექნება იმუშავოს, სადაც ახალგაზრდობას მომავალი ექნება და უფროს თაობას - უზრუნველი სიბერე. უსულო ქმნილებები რომლებიც ახლა ძალაუფლებას ფლობენ გპირდებოდნენ იგივეს, მაგრამ ისინი ცრუობენ! ისინი არ ასრულებენ პირობას და არც არასოდეს შეასრულებენ! დიქტატორები მხოლოდ საკუთარ თავს ათავისუფლებენ, ხალხს კი - იმონებენ. ჩვენ თავად ვიბრძოლოთ ჩვენი მიზნის ხორცშესხმისთვის! ვიბრძოლოთ მსოფლიოს განსათავისუფლებლად! ნაციონალური ბარიერების გასაუქმებლად! სიხარბის, სიძულვილის და შეუბრალებლობის გასაქრობად! ვიბრძოლოთ შეგნებული სამყაროსთვის, სამყაროსთვის სადაც მეცნიერებას და პროგრესს ადამიანთა ბედნიერება აქვს მიზნად.

ჯარისკაცნო, დემოკრატიის სახელით - გავერთიანდეთ!

ჰანა, გესმის ჩემი? სადაც არ უნდა იყო - ცას ახედე, ჰანა! ღრუბლები იფანტება! მზე გამოდის და სიბნელიდან სინათლეში გამოვდივართ! ახალ სამყაროში შევდივართ, სამყაროში სადაც ადამიანები აღმაღლდებიან საკუთარ სიხარბეზე, სიძულვილზე და სისასტიკეზე. მაღლა აიხედე, ჰანა! ადამანის სულს ფრთები მიეცა და ფრენას იწყებს; ცისარტყელას კვეთავს და ამ იმედის სხივის გავლით მომავლისკენ მიეშურება, დიდებული მომავლისკენ! მომავლისკენ რომელიც გვეკუთვნის შენ, მე და ყველა ჩვენთაგანს. მაღლა აიხედე, ჰანა! მაღლა აიხედე!